Krik Brewing - ახალი კრაფტ-ლუდსახარში თბილისში


მარტის თვემ ლუდის ქართველ მოყვარულებს განსაკუთრებული სიახლე მოუტანა - საქართველოში გაიხსნა ე.წ. „Craft"-ის ტიპის, ანუ მცირე ლუდსახარში - Krik Brewing Co. როგორც ზოგადად, კრაფტის ტიპის ლუდსახარშებს ახასიათებს, აქცენტი აქ მრავალფეროვნებასა და ხარისხზეა გაკეთებული და არა რაოდენობაზე. „კრიკი" რამდენიმე სახეობის ევროპულ და ამერიკულ ლუდს ხარშავს. მათგან ზოგიერთი სახეობა, პროფესიონალურ ლუდსახარშში, პირველად იხარშება საქართველოში. კრიკის ლუდსახარში მდებარეობს თბილისში, სამგორში, სამგორის ქუჩაზე, 9 ნომერში. ლუდსახარშის მფლობელმა, დენისმა, რომელიც თავის ძმასთან ერთად ამზადებს ლუდს, დეგუსტაციის დროს, გვიამბო როგორ დაინტერესდა რამდენიმე წლის წინ ლუდის მომზადებით და პირველად შინაურ პირობებში მოხარშა, რის შემდეგაც დაიწყო ფიქრი კრაფტ-ლუდსახარშის გახსნაზე და ლუდის სხვადასხვა სახეობის ჩამოსხმაზე. მან აღნიშნა რომ რუსეთში (დენისი რუსია) ლუდს ძალიან პრიმიტიულად და არასერიოზულად უდგებიან, უმრავლესობისთვის, ლუდის (Пиво) ორი სახეობა არსებობს - თეთრი და შავი. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთში, ისევე როგორც საქართველოში, ლუდის კულტურა განსაკუთრებულად განვითარებული არ არის.



  Krik Brewing Co. და მისი მფლობელი დენისი 

საბჭოთა კავშირის პერიოდში, ლუდის ხარისხი კიდევ უფრო დაეცა. სწორედ ასეთ ქვეყნებში, სადაც ლუდის კულტურა არ არსებობს, კრაფტ-ლუდსახარშმა უნდა იტვირთოს მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა. ეს ლუდის ბაზარს გააჯანსაღებს და ლუდის ადგილობრივ მოყვარულებსაც საშუალებას მისცემს თავი აარიდონ უხარისხო, „მასოვკა" ლუდს, რომელიც ზოგჯერ უბრალოდ წყურვილის მოსაკლავადაც არ გამოდგება, და მაღალი ხარისხის, არომატული სასმელი მიირთვან. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში, ბოლო დროს კრაფტები საკმაოდ პოპულარული გახდა და ისინი ნელ-ნელა იწყებენ ადგილობრივ ბაზარზე ფეხის მოკიდებას თავიანთი, მაღალი ხარისხის, პროდუქციით. დიდი იმედი გვაქვს, ეს სასარგებლო და მომგებიანი ტენდენცია, საქართველოშიც მოიკიდებს ფეხს და გარდა იმისა, რომ ლუდი უცხოეთიდან შემოტანილი ინგრედიენტებით მომზადდება, ადგილობრივ პირობებშიც განვითარდება „სალუდე მეურნეობა" - ლუდისთვის საჭირო ხორბლისა და ქერის მოყვანა, სალუდე სვიის გაშენება, საფუარის მიღება, ალაოს მომზადება. ყველა შემთხვევაში, ლუდის კულტურის განვითარებას მხოლოდ დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია.
 Krik Brewing Co. ამჟამად რვა სახეობის ლუდს ამზადებს, ესენია:

1. Imperial Stout - ლუდის ისეთი სახეობაა, რომელიც საქართველოში პირველად იხარშება. ესაა მაღალალკოჰოლური (7,5%), სქელი და არომატული ინგლისური ლუდი, რომელიც ამერიკულმა კრაფტებმა განსაკუთრებულად განავითარეს და დახვეწეს. იმპერიული სტაუტი კარბონაციის პროცესს გადის და უახლოეს დღეებში ხელმისაწვდომი გახდება.

2. Weissbier - ბავარიული სტილის, გაუფილტრავი, ხორბლის ლუდი. არომატული, საშუალო ალკოჰოლურობით (5%). საქართველოში ამ სახეობის რამდენიმე ლუდი შემოდის, მათ შორის განთქმული „ფრანცისკანერი", „პაულანერი", „ვაინშტეფანი", „ჰაკერ-ფშორი", „ერდინგერი" და სხვ.  Krik Brewing Co.-ს ჩამოსხმული ამ სახეობის ლუდი ოდნავ მომჟავო (დენისმა აღნიშნა რომ თვითონ მომჟავო არომატი უყვარს, მის ძმას კი - მოტკბო), ციტრუსოვანი არომატით გამოირჩევა და ტრადიციული სტილის ვეისბირისგან განსხვავდება.

3. Weissbier Dunkel - მუქი ვეისბირი, რომელიც მოხალული ალაოთი მზადდება, რაც მის არომატში მშვენივრად იგრძნობა (ალკოჰოლი - 5%).

4. IPA (India Pale Ale) - „ინდური" ღია ფერის ელი ამერიკულ კრაფტებში პოპულარული სახეობა, რომელიც საქართველოში პირველად იხარშება. ესაა ძალიან არომატული ლუდი, ბევრი სვიით, საკმაოდ მაღალი სიმწარით და ალკოჰოლურობით (6,5%). ჩვენი აზრით, Krik Brewing Co.-ს ლუდებს შორის, IPA ერთ-ერთი საუკეთესოა და მის გასინჯვას განსაკუთრებულ რეკომენდაციას ვუწევთ.

5. APA (American Pale Ale) - ამერიკული ღია ფერის ელი ასევე ძალიან არომატული და გემრიელი, საკმაოდ მსუბუქი ალკოჰოლით (5%). ჩვენ ამ სახეობის ლუდიც გავსინჯეთ, თუმცა მისი კარბონაცია ჯერაც არ იყო დასრულებული. ამ დღეებში მისი კარბონაციის პროცესი დასრულდება და უკვე შეიძლება სრულფასოვანი APA-ს დაგემოვნება.


6. Wee Heavy - ესაა შოტლანდიური, სქელი, მაღალალკოჰოლური (7.5%) და ძალიან არომატული ელი. უნდა აღვნიშნოთ რომ Krik Brewing Co.-ს ეს სახეობა, ისევე, როგორც IPA, განსაკუთრებულად კარგი გამოუვიდა.

7. Belgian Blonde - ბელგიური ღია ფერის ელი მსუბუქი, ძალიან სასიამოვნო დასალევი, გემრიელი ლუდია საშუალო ალკოჰოლით (5%), ციტრუსისა და ქინძის განსაკუთრებული არომატით.

8. Irish Dry Stout - ირლანდიური მშრალი სტაუტი მსუბუქი, მოხალული ალაოთი მომზადებული, დაბალი კარბონიზაციის, ლუდია საშუალო ალკოჰოლით (4,5%). ამ სახეობის ლუდიდან საქართველოში ცნობილია ირლანდიური „გინესი" და „მერფისი". კრაფტის მომზადებული სტაუტი, ტრადიციულად უფრო არომატული და გემრიელია. წმინდა პატრიკის დღე (17 მარტი), ჩვენ სწორედ ამ სტაუტით აღვნიშნეთ და არა „გინესით", რომელიც ამ დღეს, ყველაზე პოპულარული სახეობა ხდება მსოფლიოში.

Krik Brewing Co.-ს ჩამოსხმული ლუდებიდან, ჩვენი ფავორიტი სახეობებია IPA, Wee Heavy, Irish Dry Stout და Belgian Blonde. თუ წინასწარ გადაწყვეტილი არ გაქვთ რომელ სახეობას შეიძენთ ლუდსახარშში, ადგილზევე შეგიძლიათ უფასოდ გასინჯოთ ყველა ზემოთ ხსენებული ლუდი და შემდეგ გადაწყვიტოთ.
Krik Brewing Co. მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს გვპირდება. იმედი გვაქვს მათი წარმოება განვითარდება და პოპულარობას მოიპოვებს. წარმატებებს ვუსურვებთ დენისსა და მისი ძმას თავიანთ საქმეში.

ნიკა ხოფერია

ლუდის სახეობების შესახებ


Amber ale - სიტყვასიტყვით ნიშნავს ქარვის ელს. ასე ეწოდება ამერიკულ საშუალო სიძლიერის კრაფტებს, რომლებიც სვიის გარეშე მზადდება. ის APA (American pale ale)  - ერთ - ერთი ნაირსახეობაა და მეტწილად ამერიკის დასავლეთშია გავრცელებული. Amber ale - ის ალკოჰოლური ღირებულება 4.0 დან 7.0 % მდე მერყეობს.






























Altbier - ალტბირი ანუ „ძველი ლუდი", გერმანული, მუქი, სპილენძისფერი ლუდია (ალკოჰოლი 4,3-5,5%), რომელიც ისტორიულად ვესტფალიაში და ქალაქ დიუსელდორფის მიდამოებში მზადდებოდა. „ძველი" კი ეწოდება იმიტომ, რომ ის ფერმენტაციის ძველებური, ტრადიციული გზით მზადდება (მაღალი ფერმენტაცია).

APA (American Pale Ale) - ამერიკული ღია ფერის ელი. ის წარმოადგენს 1970 იან წლებში შექმნილი ინგლისური ღია ფერის ელის ამერიკულ ვარიანტს.  ტრადიციულად მისთვის დამახასიათებელია ფისის, ციტრუსისა და მცენარეული არომატი, ასევე სვიის,  მოხალული ქიშმიშისა და კარამელიზირებული ალაოს ტონები.  ალკოჰოლური ღირებულება 4,5 % - 6.2 % ია.
Baltic porter - ბალტიური პორტერი. მასში ვხვდებით როგორც ორიგინალური ბრიტანური პორტერის, ისე უფრო ტკბილი და მაღალალკოჰოლური Russian Imperial Stout- ის მახასიათებლებს. მისი ისტორია XVIII საუკუნეში ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, ფინეთიდან და რუსეთიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში გაეცნენ ისინი ბრიტანულ პორტერს. Baltic porter - ისთვის დამახასიათებელია რბილი, კაპუჩინოს მსგავსი არომატი, რომელიც დალევის შემდეგ მსუბუქი შოკოლადის გემოს ტოვებს. მისი ალკოჰოლური ღირებულება 5.5-9.5 % ია.

Bitter - ინგლისური ღია ფერის ელის ნაირსახეობაა. ის შეიძლება იყოს ოქროს ან მუქი ქარვის ფერი. შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სვიას. მისი ალკოჰოლური ღირებულება 3 იდან 7 % მდე მერყეობს.

Brown Ale -   სიტყვა  - სიტყვით ნიშნავს ყავისფერ ელს. სახელი საკმაოდ ზოგადია თუმცა დროთა განმავლობაში ის დაუკავშირდა კონკრეტულ ჩრდილო - ინგლისურ მსუბუქ ლუდს. “Browns Ales” - ამერიკული კრაფტების ვერსიები, როგორც წესი, უფრო მუქი, მძიმე და მეტი სვიის შემცველია.

Bock - ბოკი ძლიერი, მუქი, მაღალალკოჰოლური (6-8%) გერმანული ლაგერია. არსებობს მისი რამდენიმე სახეობა, მათ შორის მაიბოკი (უფრო ღია ფერის, მეტი სვიით), რომელიც საგაზაფხულო ფესტივალების დროს არის პოპულარული; დოპელბოკი (ორმაგი ბოკი) უფრო ძლიერია; ეისბოკი კი კიდევ უფრო მაღალალკოჰოლური ვერსიაა, რომლის დამზადებაში გაყინვის მეთოდსაც იყენებენ.

Dortmund Export - ოქროსფერი ლაგერი დორტმუნდიდან. ის მდიდარია მინერალებით რაც ადილობრივი უნიკალური წყლის დამსახურებაა. Dortmund Export ის ალკოჰოლური ღირებულება უფრო მაღალია ვიდრე პილსნერისა და გერმანიაში გავრცელებული სხვა ჩვეულებრივი ლაგერებისა. სიტყვა  „Export” - ით გერმანიაში ზოგადად აღნიშნავენ ძლიერ ღია ფერის ლაგერებს. ალკოჰოლური ღირებულება 4.0-6.0% - ია.

Dubbel - ბელგიური მონასტრის ლუდი. მისი ისტორია1856 წლიდანც ანტვერპენის პროვინციაში მდებარე ვესტმალეს ცისტერციანულ მონასტერში იწყება. მას მუქი ყავისფერი შეფერილობა აქვს. ახასიათებს ქიშმიშის, შავი ქლიავისა და ფინიკის მდიდარი არომატი. ლუდის შესამსუბუქებლად ერთ - ერთ ინგედიენტად იყენებენ შაქარსაც. მისი ალკოჰოლური ღირებულება 6.5  დან  9.0% მდე მერყეობს.

Dunkel - დუნქელს, მიუნხენურ მუქ ლაგერს უწოდებენ. სიტყვა „Dunkel" გერმანულად მუქს ნიშნავს. ამ ტიპის ლუდი გამოირჩევა მუქი-ქარვისფერი ან მუქი-ყავისფერი ფერით, რომელსაც ხშირად მოწითალო ელფერიც დაჰკრავს და აქვს მუქი, კრემისფერი ქაფი. გამოირჩევა მიუნხენური ალაოს მდიდარი და მძიმე გემოთი და შოკოლადის, მიწის თხილის, კარამელისა და კენკრის არომატით. ბავარიაში ლაგერის ტიპის დუნქელის გარდა, გვხვდება ხორბლის დუნქელიც, ცნობილი როგორც - Dunkel weizen.  დუნქელის ალკოჰოლურობა 4,2 - 6% - მდეა.
Eisbock - სიტყვასიტყვით ნიშნავს „ყინულის ბოკს“. ის პირველად გერმანიში, კულმბახის რეგიონში მოიხარშა. ასე იმიტომ ჰქვია, რომ მოხარშვის შემდეგ ლუდს ყინავენ და წყალს ყინულის სახით აშორებენ. ეს უზრუნველყოფს გემოსა და არომატის კონცენტრირებას, ასევე მაღალ ალკოჰოლურ ღირებულებას (9 – 13 %).
Flanders Red and Brown  Ales - ფლანდრიული წეთელი და ყავისფერი ელი. ის ნახევრად  მჟავე ბელგიური ელების ოჯახს განეკუთვნება. ის მზადდება  მუხის კასრებში 2 წლიანი დაძველების ლუდის და  ახალი, მოტკბო - მომჟავო უნიკალური გემოს მქონდე ლუდის შერევით, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ხილის არომატით. მისი ალკოჰოლური ღირებულება 4 – 7 % ს შეადგენს.

Hefeweizen, Hefeweißbier - ბავარიული გაუფილტრავი ხორბლის ლუდი. მისი შემადგენლობის 70 % -ს ხორბლის ალაო და უნიკალური საფუარი წარმოადგენს, რომლის დამსახურებითაც ლუდი ბანანისა და მიხაკის არომატს იძენს. ის საკმაოდ ბლანტი და შედარებით ძლიერგაზიანია. მისი ალკოჰოლური ღირებულება 4 დან 7 % მდე მერყეობს.

Imperial Stout - ინგლისური მაგარი, სქეილი ლუდის Stout - ის ნაირსახეობა. ასეთი სახელი იმიტომ დაერქვა, რომ ის იგზავნებოდა რუსეთში, სპეციალურად იმპერატრიცა ეკატერინე II ისთვის XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში. მისი ალკოჰოლური ღირებულება 8 – 12 % ია.
India Pale Ale, IPA - ინგლისური ღია ფერის ელის ნაირსახეობაა, ის ძლიერი ლუდია, რომლის მნიშვნელოვან ინგრედიენტს სვია წარმოადგენს. ლუდის ამერიკული ვერსიები, როგორც წესი, უფრო ძლიერია და უფრო მეტ სვიას შეიცავს; გამოირჩევა მცენარეების, ციტრუსი ძლიერი არმოატით. მისი ალკოჰოლური ღირებულება 5 – 7.5 % ს შეადგენს.

Irish Dry Stout - სიტყვასიტყვით ნიშნავს ირლანდიურ მშრალ სატაუტს. ის უნიკალური ირლანდიური სტილია. როგორც წესი, მსუბუქი და შედარებით დაბალი ალკოჰოლური ღირებულებისაა.  მისი მოხარშვისას იყენებენ შავ მოხალულ ქერს,  რაც მას მძაფრ ყავის მსგავს არომატს ანიჭებს. მისი ალკოჰოლური ღირებულება 4.0-6.0% - ია.

Kölsch - ღია ოქროსფერი, მაღალი ფერმენტაციის ლუდი, რომლის სამშობლოც გერმანიის ქალაქი კიოლნია. მას ჰიბრიდულ ლუდსაც უწოდებენ, რადგან ხარშვისას მაღალ ფერმენტაციასთან ერთად იყენებენ ცივი კონდენსაციის წესსაც, რაც ჩვეულებრივი ლაგერებისთვისაა დამახასიათებელი.  ის როგორც წესი, მთლიანად ქერის ალაოსგან მზადდება, თუმცა ზოგჯერ უმატებენ ხორბლასაც რათა მეტი ქაფი შესძინონ ლუდს. მისი ალკოჰოლური ღირებულება ‎4.4% დან 5.2% მდე მერყეობს.

Kellerbier - „კელერბიერი", იგივე „სარდაფის ლუდი", გერმანული გაუფილტრავი ლუდის სახეობაა, რომელიც სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს. მას ასე იმიტომ უწოდებენ, რომ მისი ფერმენტაცია დაბალ ტემპერატურაზე ხდება. „კელერბიერი" შეიძლება იყოს მაღალი და დაბალი ფერმენტაციის. ის საკმაოდ ბევრ ვიტამინს შეიცავს და სხვა სახეობის ლუდებთან შედარებით მალფუჭებადია, ამიტომ რეკომენდირებულია მივირთვათ რაც შეიძლება ახალი.

Kriek - კრიკი ბელგიური სტილის ლუდია, რომელიც სპონტანური დადუღებით მზადდება, ველური ქერისა და ბაქტერიისგან, რომელიც ბრიუსელთან, ზენეს დაბლობზეა გავრცელებული. მას უმატებენ ალუბალს (ფლამანდიურად - Kriek), რაც ლუდს განუმეორებელ არომატსა და გემოს სძენს.

Lambic - ლუდის ეს სტილი ბელიაში, ბრიუსელის სამხრეთ - დასავლეთით პოიტენლანდის რეგიონში შეიქმნა. ლუდების უმეტესობისგან განსხვავებით  გამოიყენება ე.წ სპონტანური ფერმენტაციის წესი - დუღილს წარმართავს არა გამორჩეული და  გასუფთავებული  არამედ ველური საფუარი. დუღილი მიმდინარეობს მუხის კასრებში დიდი ხნის განმავლობაში.  ამ სტილის ნაირსახეობაა Gueuze, შედარებით ძლიერ-გაზირებული ლუდი რომელიც სხვადასხვა დაძველების  Lambic ის შერევით მიიღება. დაძველებისას ალუბლის დამატებით მიიღება კიდევ ერთი ნაირსახეობა, რომელსაც Kriek ეწოდება. ალკოჰოლური ღირებულება 2 – 8 % ია.

Maibock - ოქროსფერი და ღია ქარვისფერი ბოკი  (ძლიერი ლაგერი). ის ასოცირდება მაისის თვესთან (გერ. Mai).  ის მეტ სვიას შეიცავს ვიდრე ჩვეულებრივი ბოკები. მისი ალკოჰოლური ღირებულება 6.3 % დან 7.4  მდე მერყეობს.

Märzen - ძლიერი ღია ფერის, ქარვის ან ყავისფერი ლაგერი. ის პირველად მოიხარშა არაუგვიანეს XVI საუკუნისა ბავარიაში. მისი სახელწოდება მარტის თვესთანაა დაკავშირებული, რადგან  პირველად სწორედ ამ თვეში მოიხარშა (გერ. Marz - მარტი). ის იმგვარი რეცეპტით იყო მოხარშული, რომ ლუდს ვარგისიანობა და გემოვნური თვისებები არ დაეკარგა სექტემბრის მიწურულამდე, რადგან 1553 წლის ბავარიის ლუდის ხარშვის ორდონანსის მიხედვით ლუდის ხარშვა დაშვებული იყო მხოლოდ 29 სექტემბრიდან 23 აპრილის ჩათვლით. მისი ალკოჰოლური ღირებულება 4.0 – 7.0 % ია.
Old Ale - მუქი შეფერილობის ბრიტანული ძლიერი ელის ნაირსახეობაა. სიტყვა სიტყვით „ძველ ელს“ ნიშნავს. მას ასე იმიტომ უწოდებენ რომ ხანგრძლივ დაძველების პროცესს გადის მუხის კასრებში, რომლის დროსაც მსუბუქად ველურ არომატებს იძენს. მისი ალკოჰოლური ღირებულება 5 დან 12 % მდე მერყეობს.

Pilsner – ღია ფერის ჩეხური ლაგერია. ამ ტიპისაა მსოფლიოში დამზადებული ლუდის 2/3. სათავეს იღებს XIX საუკუნეში, ავსტრიის იმპერიაში შემავალი ბოჰემის ანუ ჩეხეთის ქალაქ პლზენში, სადაც ის ბავარიელი იოზეფ გროლმა მოხარშა.

Pils – ჩეხური პილსნერის გერმანული ვარიანტის სახელწოდებაა, რომელიც ჩეხურთან შედარებით უფრო ღია შეფერილობის უფრო მშრალია.

Porter - მუქი ფერის ბრიტანული ელების ზოგადი სახელწოდებაა
Red Ale - სიტყვა სიტყვით ნიშნავს „წითელ ელს“. ამ სტილში მოიაზრება თითქმის ყველა ვარიაცია მუქი ქარვის ფერი ლუდებისა, თუმცა მეტწილად „წითელ ელად“ მოიხსენიებენ ღია ფერის კრაფტებს, მოწითალო ქარვისფერი ტონებით, რომელთაც ახასიათებს დამწვარი შაქრისა კარამელიზირებული ფისის არომატი.

Saison - ღია ფერის, საშუალო სიძლიერის ოქროსფერი ბელგიური ლუდი, დუღილისას საფუარის მეშვეობით იძენს წიწაკისა  სხვადასხვა სუნელის არომატს. მისი ალკოჰოლური ღირებულება 5% – 8.5% ია.

Schwarzbier - შვარცბირი ანუ შავი ლუდი (ალკოჰოლით საშუალოდ 3,8-5%), ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მზადდებოდა გერმანიაში, ტურინგიასა და საქსონიაში, თბილი ფერმენტაციის მეთოდით და მოხალული ან მუქი ალაოს გამოყენებით.

Scotch Ale - შოტლანდიური მუქი, ძლიერი და ტკბილი ელი.
Steam Beer - ლუდის სახეობა, რომელის ფერმენტაციაც სითბოში, ოთახის ტემპერატურაზე ხდებოდა. ის ყველაზე პოპულარული იყო XIX  საუკუნის შუა ხანებში ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც დუღილისას, ლუდის გასაგრილებლად ყინულის შოვნა საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა. მისი ალკოჰოლური ღირებულება  4.0-6.0% ია .

Stout - ამ სახელის ქვეშ მოიაზრებენ ბრიტანულ შავ ლუდებს, რომელთა უამრავი ნაირსახეობა არსებობს. სტაუტებით ყველაზე მეტად ირალნდიაა სახელგანთქმული , თუმცა მას მსოფლიოს უამრავ მხარეში ხარშავენ
Strong Ale - ძლიერი ინგლისური ელების ზოგადი სახელწოდება, რომლებიც როგორც წესი, მუქი შეფერილობისაა და არ გადიან განსაკუტრებული დაძველების პროცესს.

Tripel – ჰოლანდიური სიტყვაა და „სამმაგს ნიშნავს“. სახელწოდების წარმოშობა ბუნდოვნია. თავდაპირველად ასე უწოდებდნენ ძლიერ ღია ოქროსფერ მონასტრულ ელებს ისტორიული ჰოლანდიისა და ბელგიის ტერიტორიაზე  (Low countries). დღეს სახელი ზოგადად ზემოაღნიშნულ სტილის ლუდებზეა გავრცელებული მთლიანად ევროპასა და ამერიკაშიც. მისი ალკოჰოლური ღირებულბა 7.5% – 9.5% ია.

Weizenbock - ბავარიული Hefeweizen - ის მუქი და ძლიერი ნაირსახხეობაა. მისთვის დამახასიათებელია ორცხობილის სურნელი და ხილისა და სუნელების მდიდარი არომატი. ალკოჰოლური ღირებულება 6.5 დან  9 % მდე მერყეობს

Witbier - ბელგიური ხორბლის ლუდი, რომლის ისტორიაც ქალაქ ლუვენიდან და ხუჰაარდენიდან იწყება. ლუდისთვის დამახასიათებელია ღია ოქროსფერი და ციტრუსის მდიდარი არომატი. ალკოჰოლური ღირებულება 4.5% – 5.5% ია.

ნიკა შონია

ლუდის ქალღმერთი ნინხასი


ყველასთვის ცნობილია, რომ ლუდი ყველაზე ძველი ალკოჰოლური სასმელია მსოფლიოში, რომლის ისტორიაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე  რამდენიმე ათასწლეულით ადრე იწყება. ლოგიკურია, რომ ამ საოცრად დიდი პერიოდის მანძილზე შეიქმნა ლუდის უამრავი სახეობა, თითოეულმა სახეობამ თავისმხრივ მრავალი  ცვლილება  განიცადა გემოვნური თვალსაზრიზით. თუმცა ცვლილებები მხოლოდ ლუდის გემოს არ შეჰხებია. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ლუდისადმი დამოკიდებულება  და მისი როლი საზოგადოებაში. იშვიათი გამონაკლისების გარდა დღეს ლუდი ასოცირდება სიმთვრალესთან (განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც არყის გარეშე ლუდის სმა უბრალოდ ფულის ფლანგვაა და  „ჩაკიდულებს“ არიან მიძალებულნი), სტუდენტურ ცხოვრებასთან, სპორტთან და სხვ. რა თქმა უნდა, განსხვავებული დამოკიდებულება ექნებოდათ ლუდის მიმართ მაშინ, როცა იწყებოდა ამ შესანიშნავი სასმლის ისტორია. 
 შუამდინარულ ეპოს გილგამეშიანში, რომელიც დაახლოებით ძვ.წ 1800 წლით თარიღდება ნათქვამია, რომ ლუდი ადამიანს ათბობს, აბედნიერებს და ახალისებს (როგორ შეიძლება ამას არ დაეთანხმო), თუმცა ჩვენს ერამდე მესამე - მეორე ათასწლეულში, შუამდინარეთში ლუდი  არ იყო მხოლოდ სიამოვნების მიღებისა და შეთრობის საშუალება  (ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ლუდს დღემდე მოჰყვება). იმ დროში არც მის მაგიურობასა და სამედიცინო შესაძლებლობებს უარყოფდნენ. არსებობდა დაწერილი რეკომენდაციები, თუ რა ინგრედიენტები უნდა დამატებოდა ლუდს, რომ ის მედიცინაშიც გამოყენებულიყო. ლუდი მჭიდროდ იყო დაკავშირებული რელიგიასთან, რაც საზოგადოებაში მის მაღალ სტატუსზე მიუთითებს.  ლუდის მხარშველები იკავებდნენ ოფიციალურ თანამდებობებს, ჰქონდათ შესაბამისი ტანისამოსი და მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ტაძრებთან. ერთ - ერთი უმაღლესი რანგის მოხელე სამეფო კარზე ლუდის დამსხმელი იყო. ღმერთებს ჰყავდათ თავიანთი მხარშავები და ლუდი მათთვის მნიშვნელვან შესაწირს წარმოადგენდა. შუამდინარეთში ლუდს თავისი ქალღმერთიც კი ჰყავდა, რომელსაც ნინხასი ერქვა. მის სადიდებელ ჰიმნში, რომელიც ძვ.წ XVIII საუკუნის შუახანებში უნდა შექმნილიყო შუმერულ ენაზე, ხარშვის პროცესია აღწერილი. სასმლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე ნინხასი, როგორც ადამიანთათვის ლუდის მიმნიჭებელი, საკმაოდ დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა.

ნინხასის სადიდებელი ჰიმნი
 დასასრულს მინდა ავღნიშნო, რომ ნინხასს სიკეთე ჩვენს დროშიც დაუფასეს - საფრანგეთსა და აშშ  - ში არსებობს ლუდსახარშები, რომლებიც სწორედ ქალღმერთის სახელს ატარებს. ასევე ნელსონში, ბრიტანულ კოლუმბიაში, ჩამოყალიბებულია ნინხასის ფან - კლუბი.
ფრანგული ნინხასის ლოგო

ამერიკული ნინხასის ლოგო


ნიკა შონია

Fucking Hell



ერთხელ, შემთხევით წავაწყდი ერთ ავსტრიულ ლუდს, პილსნერის სახეობის, რომელსაც ეწოდება Fucking Hell. ინგლისურად მაგრად ჟღერს და ითარგმნება, მაგრამ სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. არის სოფელი ავსტრიაში, სადაურიც არის ეს ლუდი, Hell კი გერმანულად ღიას, ნათელს ნიშნავს, მსუბუქი ლუდია ასე ვთქვათ, თანაც დაბალი გრადუსით 4,9% ლუდის სახელწოდების გამო ბევრს მსჯელობდნენ.
აბრა სოფელ Fucking-თან

 ევროკავშირის სავაჭრო ნიშნისა და საავტორო უფლებების ოფისმა თავდაპირველად უარი განაცხადა, მაგრამ მერე ბევრი უმტკიცეს, Fucking შეურაცხყოფა არ არის, სოფლის სახელიაო, Hell კი ლუდის სახეობაო და ბოლოს, ჯანდაბასო თქვეს და, დაარეგისტრირეს როგორც Fucking Hell. ახლა ეს ლუდი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება ბევრ ქვეყანაში.  თუმცა,  სამწუხაროდ საქართველოში არ იშოვება.

ნიკა ხოფერია